ნოდარ წულეისკირის სიტყვა

საქართველოს მწერალთა კავშირის დახურული პარტიული კრება

სტენოგრაფიული ანგარიში

1973 წლის 19 იანვარი

„რუსულ ენაზე გამოდის უამრავი ჟურნალ-გაზეთი, წიგნი, არის სკოლები და უნივერსიტეტების ფაკულტეტები, სახელმწიფო დაწესებულებებში საქმის წარმოება თითქმის ყველგან რუსულ ენაზეა. რუსულს სწავლობს ყველა ქართველი 9 წლიდან სიკვდილამდე. ყველა ოჯახში დგას ტელევიზორი - რუსული ენის დიდი პროპაგანდისტი. ენის სწავლება ბუნებრივად მიმდინარეობს და ხელს არავინ უშლის. ამ პროცესის დაჩქარება და მოწოდება რუსული ენის სწავლებისკენ, „მტკიცე მოთხოვნა - ყოველმა ქართველმა ტურგენევივით იცოდეს რუსული ენა“, მთლად სამართლიანი მოთხოვნა არაა. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პროგრამა ჩვენ ამას არ გვასწავლის. იქნებ ჯობდა, „კომუნისტს“ ჯერ ქართული ენის სწავლებისკენ მოეწოდებინა? არსებობს გაბატონებული თეორია, რომ კანონზომიერ მოვლენად იქცა ერების დაახლოება და ენების შერწყმა (сближения и слияние), რომ ეს მოვლენა თანდათან გაძლიერდება და წარმოიშობიან ჯერ ორენოვანი ერები, შემდეგ კი საერთონაციონალური (межнациональный) ენის ჩამოყალიბება დაიწყება და ბოლოს კომუნიზმში ხალხი ერთ ენაზე ილაპარაკებს. ეს იქნება რუსულის მსგავსი, ოღონდ ახალი ენა“ (გვ. 5).

„გამოუსწორებელ შეცდომასა და დანაშაულს სჩადის ყველა ის, ვინც ქედმაღლურად, ირონიულადაც კი უყურებს ქართული ენის დამცველებს და ქარის წისქვილებთან მებრძოლ დონ კიხოტებად ნათლავს მათ, რადგან ყოველივე ის, რაც დედაენას სჭირს, ცხოვრების მოთხოვნა, ობიექტური კანონზომიერება ჰგონიათ.“ პატარა ერებისადი ნიჰილისტური დამოკიდებულება სამწუხაროდ ამ ერების წიაღში გაჩნდა. ერთ მშვენიერ დღეს მაინც აღარ ვიქნებითო და ბავშვები პირდაპირ რუსულ სკოლებში შეჰყავთ. რატომ ვაკეთებთ ამას? 
ჯერ კომუნიზმი უნდა დამყარდეს და ერების და ენების შერწყმა იმის იქით არის ნავარაუდევი. მაშ, დაველოდოთ კომუნიზმის დამყარებას, მანამდე კი ქართული ენას ნუ დავივიწყებთ, რუსულ ენასთან ერთად მშობლიური ენაც კარგად შევისწავლოთ და ვიზრუნოთ მისი კანონზომიერი განვითარებისთვის, აყვავება-გაფურჩქვნისთვის“ (გვ. 9-10). (ხანგრძლივი ტაში)

(საქართველოს ეროვნული არქივი,
ფონდი #8, ანაწერი #1, საქმე #2664)

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სამეცნიერო კონსულტანტთან შეხვედრა

„შალვაობის“ დაწესება

მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმი